კომფორტი, რომელსაც გრძნობთ: როგორ ამკვიდრებს "ზიგმა" დეველოპმენტის ახალ სტანდარტს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ქართულ დეველოპერულ ბაზარზე, სადაც კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება, მომხმარებლის გაოცება მხოლოდ ვიზუალური ეფექტებით სულ უფრო რთული ხდება. ამ ფონზე დეველოპერული კომპანია "ზიგმა" (Zygma) განსხვავებულ გზას ირჩევს. მათი მთავარი მიზანი არა უბრალოდ მორიგი საცხოვრებელი კომპლექსის აგება, არამედ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, სადაც თითოეული დეტალი მცხოვრებლის ყოველდღიურობაზეა მორგებული.

ამ ამბიციური ხედვის პირველი და უმსხვილესი ხორცშესხმა იქნება პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი "ზიგმა საბურთალო". მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტთან" მდებარე ეს 30-სართულიანი პროექტი, რომელიც 4-დონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს, 120 მილიონი ლარის საინვესტიციო ღირებულებისაა. მასშტაბური იდეის მყარ ფინანსურ საფუძველს კი "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერა განაპირობებს, რაც პროექტს კიდევ უფრო მეტ სანდოობას მატებს.

კომპანიის ფილოსოფიის მთავარი ღერძი მათ ახალ მარკეტინგულ კამპანიაშიც მკაფიოდ ისმის: რეალური კომფორტი სწორედ ისაა, რომელსაც თვალით შეიძლება ვერც კი ამჩნევდე, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე გრძნობდე. ეს არის უხილავი ფუფუნების კონცეფცია: საიმედო სამშენებლო მასალების, სწორი გეგმარების, ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების ის ჰარმონია, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესს სრულიად ახალ საფეხურზე აყვანს.

ამ პროექტის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ის პერსონალური მიდგომაც განაპირობებს, რაც "ზიგმას" ხელმძღვანელობისთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც დეველოპერი შენობას საკუთარი ოჯახის მომავალ სახლად მოიაზრებს, ხარისხსა და დეტალებში კომპრომისების ადგილი აღარ რჩება. თითოეული საინჟინრო თუ ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიდგომით არის მიღებული.

როგორ იქცევა 120-მილიონიანი ამბიცია მშვიდ, პრემიუმ კლასის რეალობად და რას ნიშნავს, უყურებდე პროექტს მომავალი მცხოვრებლის თვალით? Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში კომპანია "ზიგმას" დირექტორი, ზვიად ჩოხელი გვიზიარებს, რა იდეის გარშემო შეიქმნა უახლესი კამპანია და იმ ხედვას, პარტნიორობებსა და იდეებს, რომლებიც ბაზარზე სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ახალ ვიდეო კამპანიაში ისმის ფრაზა "შეიძლება ვერც კი შეამჩნიო, რამდენი ყურადღება ეთმობა თითოეულ დეტალს იმისთვის, რომ შენი ყოველდღიურობა უფრო კომფორტული და სრულყოფილი იყოს, შენ უბრალოდ იგრძნობ". რატომ გადაწყვიტეთ, სწორედ ამ იდეით გესაუბრათ "ზიგმა საბურთალოზე"?

დღეს პრემიუმ პროექტების უმეტესობა საუბრობს იმაზე, რასაც ადამიანი პირველივე შეხედვისას ხედავს – არქიტექტურაზე, ხედებზე, ინფრასტრუქტურასა და ვიზუალურ ეფექტზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და "ზიგმა საბურთალოშიც" სწორედ ასეთ მაღალ სტანდარტს ვქმნით.

თუმცა, ჩვენთვის პრემიუმ ცხოვრება მხოლოდ ის არ არის, რაც ჩანს. ხშირად ყველაზე დიდ გავლენას ყოველდღიურ კომფორტზე სწორედ ის გადაწყვეტილებები ახდენს, რომლებსაც მცხოვრები ვერც კი ამჩნევს. ეს არის ხარისხიანი სამშენებლო მასალები, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, ხმის იზოლაცია, სივრცის სწორი დაგეგმარება, შენობაში უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება, ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად ამარტივებს.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს კამპანია. გვინდოდა გვესაუბრა არა მხოლოდ იმაზე, თუ რას ვაშენებთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი იმ სივრცეში, სადაც ყველა ეს დეტალი ერთმანეთთან ჰარმონიულად მუშაობს.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანი მხოლოდ შენობის აშენება არ არის. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანი ყოველდღიურად გრძნობს კომფორტს, სიმშვიდესა და ხარისხს – მაშინაც კი, როცა მის უკან მდგომი გადაწყვეტილებები მისთვის უხილავი რჩება.

ვიდეოში საუბრობთ იმ დეტალებზე, რომლებსაც მცხოვრები შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს, თუმცა ყოველდღიურად გრძნობდეს. რა ხდება კადრს მიღმა? რა გადაწყვეტილებები და ძალისხმევა დგას იმ სიმყუდროვისა და კომფორტის მიღმა, რომელსაც საბოლოოდ ადამიანი საკუთარ სახლში იღებს?

ეს ნიშნავს ასობით გადაწყვეტილებას, რომლებიც შეიძლება საბოლოოდ არც გამოჩნდეს, მაგრამ სწორედ ისინი განსაზღვრავს ყოველდღიურ გამოცდილებას. მასალების შერჩევიდან და საინჟინრო სისტემებიდან დაწყებული, სივრცეების დაგეგმარებითა და ინფრასტრუქტურით დასრულებული – თითოეული გადაწყვეტილება იმაზე დაფუძნებით მივიღეთ, თუ როგორ იცხოვრებდა ადამიანი ამ სივრცეში არა ერთი ან ორი წლის, არამედ ათწლეულების განმავლობაში.

ხშირად ყველაზე რთული სწორედ ის გადაწყვეტილებებია, რომლებსაც მომხმარებელი ვერ ხედავს. გაცილებით მარტივია ინვესტიციის გაკეთება იმაში, რაც თვალში საცემია, ვიდრე იმაში, რასაც ადამიანი მხოლოდ ცხოვრების პროცესში იგრძნობს. თუმცა, ჩვენი აზრით, სწორედ ეს დეტალები ქმნის რეალურ ხარისხს და პრემიუმ გამოცდილებას.

ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ ამ პროექტს მხოლოდ როგორც დეველოპერები არ ვუყურებთ. ეს არის სივრცე, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას თავადაც ვაპირებ. ამიტომ თითოეულ გადაწყვეტილებას იმ კითხვით ვუდგებოდით – ავირჩევდით თუ არა ამას საკუთარი ოჯახისთვის. თუ პასუხი უარყოფითი იყო, ეს გადაწყვეტილებაც იცვლებოდა. სწორედ ამ მიდგომის შედეგია ის კომფორტი და სიმყუდროვე, რომელსაც საბოლოოდ მცხოვრები ყოველდღიურობაში იგრძნობს.

რა ტიპის გარემოს და ცხოვრების სტილს სთავაზობთ მცხოვრებლებს, რას უნდა ელოდოს ადამიანი, რომელიც "ზიგმას" ირჩევს?

ჩვენი აზრით, "ზიგმა საბურთალოს" უნიკალურობას სამი მთავარი ფაქტორი განაპირობებს – ლოკაცია, ინფრასტრუქტურა და უკომპრომისო ხარისხი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ყველაფერი ერთად ქმნის ცხოვრების ისეთ სტილს, სადაც ყოველდღიურობა უფრო კომფორტული, მოქნილი და მშვიდია.

პროექტი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და პერსპექტიულ ლოკაციაზე შენდება – მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ, ახალ დამაკავშირებელ ხიდთან, რომელიც საბურთალოს, ვაკესა და წყნეთს ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს. დღევანდელ თბილისში, სადაც დრო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად იქცა, ასეთი მდებარეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ განსხვავებას ქმნის.

ამასთანავე, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა გარემო, სადაც ადამიანებს სახლიდან გასვლის გარეშეც ექნებოდათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რისთვისაც ჩვეულებრივ, ქალაქში გადაადგილება უწევთ. სწორედ ამიტომ პროექტი მოიცავს ორ საცურაო აუზს, აქედან ერთი დეველოპერებს შორის ყველაზე გრძელი, 29 მეტრის სიგრძის აუზია, თანამედროვე ფიტნეს-სივრცეს, საუნას, სქვოშის კორტს, ელეგანტურ ლობის 24-საათიანი კონსიერჟის მომსახურებით, პრემიუმ კომერციულ ზონასა და 4-დონიან ავტოსადგომს.

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს დილით აუზით ან ფიტნეს-დარბაზით ისარგებლოს, საღამოს კი ქალაქის პანორამული ხედებით დატკბეს საკუთარი ტერასიდან, ყოველგვარი დამატებითი გადაადგილებისა და დროის დანაკარგის გარეშე. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ ფუნქციური ტერასებია, რომლებიც საცხოვრებელ სივრცეს დამატებით განზომილებას სძენს და ბინასა და ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს.

ჩვენ ვქმნით გარემოს ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ თავიანთ დროს, კომფორტსა და ცხოვრების ხარისხს. ამიტომ "ზიგმაში" მცხოვრებელი იღებს არა მხოლოდ ბინას, არამედ სივრცეს, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს ერგება.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანი იყო ისეთი პროექტის შექმნა, სადაც ქალაქის დინამიკა, პრემიუმ ინფრასტრუქტურა და ყოველდღიური სიმშვიდე ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.

რა ქმნის "ზიგმასთვის" ხარისხის მთავარ სტანდარტს?

ჩვენთვის ხარისხი არ იწყება მხოლოდ ფასადით ან ინტერიერით. ის იწყება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც განსაზღვრავს, რამდენად საიმედო, უსაფრთხო და კომფორტული იქნება ეს შენობა მრავალი წლის განმავლობაში.

სწორედ ამიტომ ვიყენებთ B35 მარკის ბეტონს, იტონგის უმაღლესი ხარისხის ბლოკს, "ჯეოსტილის" არმატურასა და ავსტრიულ "დოკას" საყალიბე სისტემებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სეისმურ უსაფრთხოებასაც, რადგან მიგვაჩნია, რომ პრემიუმ ხარისხი პირველ რიგში დაცულობასა და საიმედოობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ამავე პრინციპით შევარჩიეთ ლიფტების სისტემაც. კომპლექსში დამონტაჟდება მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ბრენდის, "ოტისის", 7 პრემიუმ ლიფტი სართულებს შორის სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ლიფტი კურიერებისთვის, რაც მცხოვრებლებისთვის შეკვეთებისა და გზავნილების მიღებას კიდევ უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

ხარისხი მხოლოდ ის არ არის, რასაც ადამიანი ხედავს. ჩვენთვის ხარისხი ნიშნავს, რომ მცხოვრებელი საკუთარ სახლში ყოველდღიურად გრძნობდეს უსაფრთხოებას, საიმედოობასა და კომფორტს – არა მხოლოდ დღეს, არამედ მრავალი წლის შემდეგაც.

"ზიგმა მათთვისაა, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს" პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს ახალი სტანდარტი?

ჩემთვის ახალი სტანდარტი ნიშნავს, რომ დეველოპერი პროექტს მცხოვრებლის თვალით უყურებდეს.

როდესაც ადამიანი სახლს ყიდულობს, ის მხოლოდ კვადრატულ მეტრებს არ ირჩევს. ის ირჩევს ადგილს, სადაც ყოველდღიურად იცხოვრებს, აღზრდის შვილებს, მიიღებს სტუმრებს და წლების განმავლობაში შექმნის საკუთარ ყოველდღიურობას. სწორედ ამიტომ, თითოეული გადაწყვეტილება ამ გამოცდილებას უნდა ემსახურებოდეს.

ეს ნიშნავს სწორ ლოკაციას, გააზრებულ ინფრასტრუქტურას, ხარისხიან სამშენებლო მასალებს, ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებსა და იმ სერვისებს, რაც თანამედროვე ცხოვრების წესს პასუხობს.

მსურს, რომ "ზიგმამ" ქართულ დეველოპერულ ბაზარზე დაამკვიდროს მიდგომა, სადაც მთავარი საზომი მხოლოდ აშენებული კვადრატული მეტრები კი არა, ადამიანების ცხოვრების მაღალი სტანდარტის შექმნაა.

რაც შეეხება კომპანიის ბაზარზე გამოჩენას ქართული დეველოპერული ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. რა იყო კომპანია "ზიგმას" შექმნის მთავარი იმპულსი და რა ნიშა დაინახეთ ბაზარზე, რომელიც ჯერ კიდევ სათვისებელი იყო?

ვფიქრობ, კონკურენტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შექმნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც შეგიძლია მომხმარებელს რეალურად განსხვავებული ღირებულება შესთავაზო.

"ზიგმაც" სწორედ ამ იდეით შეიქმნა. ჩვენი მიზანი არ ყოფილა კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება. გვინდოდა შეგვექმნა პროექტი, რომელიც მცხოვრებლის ყოველდღიურობაზე იქნებოდა ორიენტირებული და ცხოვრების ხარისხს სრულიად ახალ დონეზე აიყვანდა.

ამ პროექტის მიმართ ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არსებობს, რადგან, როგორც აღვნიშნე, მომავალში აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, თითოეულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებოდით. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც სრულად ასახავდა ჩვენს ხედვას იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე პრემიუმ საცხოვრებელი გარემო.

შედეგად, შევქმენით პროექტი, რომელიც ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებისაც გვჯერა – ხარისხს, უსაფრთხოებას, სანდოობასა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას. გვინდა "ზიგმამ" ქართულ დეველოპერულ ბაზარზე დაამკვიდროს სტანდარტი, სადაც მთავარი არა მხოლოდ აშენებული შენობა, არამედ ის ყოველდღიური გამოცდილებაა, რომელსაც მცხოვრები საკუთარ სახლში იღებს.

"ზიგმა საბურთალოს" პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი "საქართველოს ბანკია". რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების პროცესში ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერა?

"საქართველოს ბანკთან" დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ჩვენთვის ეს პარტნიორობა, პირველ რიგში, ნდობისა და სანდოობის სიმბოლოა.

ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელებისას ძლიერი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სრულად ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ხარისხზე, განვითარებასა და იმ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენს მცხოვრებლებს ვთავაზობთ.

ვფიქრობ, მსგავსი პარტნიორობა დამატებითი ნდობის საფუძველსაც ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან პროექტის უკან დგას როგორც ძლიერი დეველოპერული გუნდი, ისე ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი.

მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პარტნიორობაში გადაიზარდა და გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალშიც შევთავაზოთ მომხმარებლებს ახალი და მასშტაბური პროექტები.

როგორ ხედავთ "ზიგმას" მომავალს, რა არის თქვენი გრძელვადიანი მიზნები და რა როლს ითამაშებს კომპანია ქალაქის ურბანული სისტემის განვითარებაში?

"ზიგმას" განვითარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პროექტით. ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებში თბილისის სხვადასხვა უბანში შევქმნათ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და მრავალფუნქციური პროექტები, რომლებიც ცხოვრების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს.

გვინდა "ზიგმა" ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობასთან, არამედ იმ ცხოვრების სტანდარტთან, რომელსაც ჩვენი პროექტები ქმნის. ვფიქრობ, სწორედ ეს არის თანამედროვე დეველოპერის მთავარი პასუხისმგებლობა – შექმნას სივრცეები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად აუმჯობესებს.

ეს მხოლოდ დასაწყისია. უახლოეს მომავალში საზოგადოებას ჩვენს ახალ პროექტებსა და გეგმებსაც გავაცნობთ, რომლებიც იმავე ხედვას გააგრძელებს – შექმნას სივრცეები, სადაც ცხოვრების ხარისხი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.