GASA-ს განვითარების ისტორია – ტექნოლოგიები, პარტნიორობა და ნდობაზე აგებული ბიზნესი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა – პანდემიამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა და მომხმარებლის ახალმა მოლოდინებმა ბაზრის მოთამაშეებს განსხვავებული მიდგომების ძიება აიძულა. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე შეძლო GASA-მ, რომელიც უკვე 16 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, ერთ-ერთი წამყვანი პოზიციის დამკვიდრება.

როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია, რა როლი ითამაშა დივერსიფიკაციამ მის განვითარებაში, როგორ ხედავს ხელოვნური ინტელექტის გავლენას ტურიზმზე და რა მნიშვნელობა აქვს ნდობას ბიზნესში – ამის შესახებ GASA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ჯაბნიაშვილი Entrepreneur-ს ესაუბრა.

GASA დღეს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული და საავიაციო კომპანიაა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ყველაფერი ავიაკომპანია "პეგასუსთან" თანამშრომლობით დაიწყო. ჩვენ გავხდით მათი გენერალური სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. თავიდანვე გვესმოდა, რომ მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების შექმნა ბევრად უფრო ფართო ცნებაა. სწორედ ამიტომ, ეტაპობრივად გავაფართოეთ საქმიანობა და დღეს ტურიზმთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სერვისს ვთავაზობთ მომხმარებლებს.

ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც კომპანიას მომავალშიც კონკურენტუნარიანს გახდიდა.

GASA უკვე 16 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. რომელი გადაწყვეტილებები აღმოჩნდა გარდამტეხი კომპანიის განვითარებისთვის და როგორ ახერხებთ ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას?

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დივერსიფიკაცია იყო. ჩვენი ორგანიზაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა სერვისი გვაქვს, რაც კი ტურიზმში არსებობს და ამ სერვისების ჩამონათვალი ყოველდღიურად იზრდება.

ავიაციისა და ტურიზმის სფერო მუდმივად იცვლება და თუ კომპანია მხოლოდ ერთ მიმართულებაზეა ორიენტირებული, ნებისმიერი ცვლილება დიდ რისკს ქმნის.

ჩვენ ეტაპობრივად განვავითარეთ B2B და B2C მიმართულებები, კორპორაციული მოგზაურობა, ტურისტული პაკეტები, ტექნოლოგიური პლატფორმები და აეროპორტის სერვისები. შედეგად, შევქმენით ეკოსისტემა, სადაც თითოეული მიმართულება აძლიერებს მეორეს.

ლიდერობა სტატუსი არ არის – ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. თუ ფიქრობ, რომ უკვე მიაღწიე მიზანს, სწორედ მაშინ იწყებ ჩამორჩენას. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის ცვლილებებს, ვსწავლობთ მომხმარებლის ქცევას და ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვკარგავთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა – სანდოობა, ხარისხი და პარტნიორული ურთიერთობები.

რას ნიშნავს თქვენთვის ლიდერობა და როგორ განსაზღვრავთ წარმატებას?

ჩემი აზრით, ლიდერობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა. ლიდერის მთავარი ფუნქცია არ არის ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება – მისი ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პროფესიონალებს შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.

ვცდილობ, გუნდს მივცე თავისუფლება, პასუხისმგებლობა და ნდობა. ძლიერი კომპანია ყოველთვის ძლიერი გუნდის შედეგია.

ჩემთვის წარმატება არ იზომება მხოლოდ ფინანსური შედეგებით. წარმატებაა, როდესაც თანამშრომლებს სიამაყით შეუძლიათ თქვან, რომ ამ კომპანიის ნაწილი არიან, როდესაც პარტნიორები გრძელვადიან თანამშრომლობას ირჩევენ და მომხმარებლები ისევ შენ გიბრუნდებიან.

თუ შენი საქმიანობა ქმნის ღირებულებას ადამიანებისთვის, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და მომავალ თაობებს უკეთეს შესაძლებლობებს უტოვებს, ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი წარმატება.

ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად იცვლება. როგორ ახერხებს GASA ამ ცვლილებებთან ადაპტირებას და რა როლს თამაშობს ხელოვნური ინტელექტი?

ჩვენთვის ცვლილებები ყოველთვის შესაძლებლობას ნიშნავს. დღეს მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებულია, უფრო სწრაფ მომსახურებას ელოდება და უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას ითხოვს.

ამიტომ მუდმივად ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ვაუმჯობესებთ სერვისებს და ვანვითარებთ პარტნიორულ ქსელს.

ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად შეცვლის ინდუსტრიას. მომხმარებლები კიდევ უფრო სწრაფად მიიღებენ ინფორმაციას, პერსონალიზებული შეთავაზებები უფრო ზუსტი გახდება, ხოლო ბევრი ყოველდღიური პროცესი ავტომატიზდება.

თუმცა, არა მგონია, რომ ადამიანური ურთიერთობები და ემოციური კავშირის ჩანაცვლება შეძლოს. ტექნოლოგია უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს უკეთ მუშაობაში ეხმარება და არა მათი შემცვლელი.

რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი GASA- ისტორიაში?

უდავოდ, პანდემიის პერიოდი. მაშინ პრაქტიკულად მსოფლიო ავიაცია გაჩერდა. მსგავსი გამოწვევისთვის მზად არავინ იყო. თუმცა, სწორედ ასეთ პერიოდში ჩანს კომპანიის რეალური სიმტკიცე.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო გუნდის შენარჩუნება, პარტნიორების მხარდაჭერა და იმისთვის მზადყოფნა, რომ ბაზრის აღდგენისთანავე სწრაფად დაგვებრუნებინა განვითარების ტემპი. ასეც მოხდა – ჩვენი დახმარებით "პეგასუსი" იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც განაახლა რეგულარული რეისები პანდემიის შემდეგ.

რა განასხვავებს GASA- კონკურენტებისგან და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფასზე მეტად ღირებულებით კონკურენცია?

ვფიქრობ, ჩვენი მთავარი უპირატესობა გამოცდილება და მრავალფეროვნებაა. დღეს მომხმარებელს შეუძლია ერთი პარტნიორისგან მიიღოს თითქმის ყველაფერი – ავიაბილეთები, ტურისტული პაკეტები, სასტუმროები, ტრანსფერები, კორპორაციული მომსახურება და აეროპორტის სერვისები.

მრავალწლიანი გამოცდილება და ძლიერი პარტნიორული ქსელი გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად ვუპასუხოთ როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესპარტნიორების საჭიროებებს.

ფასი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ იშვიათად არის გადამწყვეტი. მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს მომსახურების ხარისხს, სისწრაფეს, კომუნიკაციას და იმ განცდას, რომ საჭიროების შემთხვევაში გვერდით დაუდგებიან.

თუ კონკურენციას მხოლოდ ფასით აწარმოებ, ეს მუდმივი ბრძოლაა. თუ კონკურენციას ღირებულებით აწარმოებ, ბევრად უფრო მდგრად ბიზნესს აშენებ.

რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობა და როგორ ხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონული ავიაციისა და ტურიზმის ჰაბის მომავალს?

თანამედროვე ბიზნესში საერთაშორისო პარტნიორობა აღარ არის მხოლოდ უპირატესობა – ის აუცილებლობაა. ჩვენთვის თითოეული პარტნიორობა ნიშნავს არა მხოლოდ ახალ ბიზნესს, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გრძელვადიან კავშირებს, რომლებიც ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული.

საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა და მნიშვნელოვანი პოტენციალი, გახდეს რეგიონული კავშირების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.

ბოლო წლებში ქვეყნის ავიაბაზარი აქტიურად ვითარდება, იზრდება საერთაშორისო ავიაკომპანიების ინტერესი და ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც.

ვფიქრობ, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს კოორდინირებული თანამშრომლობით შესაძლებელია საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო ბიზნესისთვის.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ბიზნესმა გასწავლათ?

რომ ადამიანი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცესები.

შეგიძლია გქონდეს საუკეთესო სტრატეგია, თანამედროვე ტექნოლოგიები და ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები, მაგრამ თუ ძლიერი გუნდი არ გყავს, ეს ყველაფერი დროებითია. ბიზნესი საბოლოოდ ადამიანურ ურთიერთობაზეა აგებული – თანამშრომლებთან, პარტნიორებსა და მომხმარებლებთან.

ნებისმიერ ბიზნესში შეცდომები გარდაუვალია. მთავარია, ისინი დროულად აღიარო, ისწავლო და აღარ გაიმეორო.

წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილების გადადება უფრო დიდი შეცდომაა, ვიდრე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ბიზნესში სისწრაფე ხშირად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სიზუსტე.

დღეს რომ იწყებდეთ ბიზნესს ნულიდან, რას გააკეთებდით განსხვავებულად?

ალბათ, უფრო ადრე დავიწყებდი ტექნოლოგიურ ინვესტიციებს.

ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ნებისმიერი კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თუმცა ერთ რამეს ნამდვილად არ შევცვლიდი – ურთიერთობას ადამიანებთან.

ბიზნესში საბოლოოდ ყველაფერი ნდობამდე დადის. ტექნოლოგია შეიძლება შეიცვალოს, ბაზარი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ სანდო რეპუტაცია ყოველთვის ყველაზე ღირებული აქტივი იქნება.

რას ეტყოდით ახალგაზრებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობენ?

ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს. იდეალური დრო თითქმის არასოდეს არსებობს. დაიწყეთ იმ რესურსით, რაც დღეს გაქვთ, მუდმივად ისწავლეთ და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების.

ასევე, არასოდეს დაივიწყოთ, რომ რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია, რომელსაც ვერანაირი ინვესტიცია ვერ ჩაანაცვლებს.

როგორ წარმოგიდგენიათ GASA მომდევნო 5-დან 10 წლამდე პერიოდში?

ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ზრდა ხარისხის შენარჩუნებით. ვხედავთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, როგორც ტექნოლოგიურ განვითარებაში, ისე რეგიონულ გაფართოებაში. გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა, განვავითაროთ ციფრული პროდუქტები და შევქმნათ ისეთი სერვისები, რომლებიც მომხმარებლისთვის მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

ამასთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდასთან ერთად არ დავკარგოთ ის ფასეულობები, რომლებიც GASA-ს დღემდე გამოარჩევს.